საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ჩემი ცხოვრების უდიდესი თავგადასავალი“ – „ირანისტიკა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 8 თებერვალს 103 წლის იუბილე აღნიშნა. 103 წლისაა თსუ-ში სპარსული ენის სწავლების ისტორიაც. დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი  უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, რომელშიც „ირანისტიკა“ დამოუკიდებელი სპეციალობის (Major და Minor) სახით არის წარმოდგენილი. „ირანისტიკის“ საბაკალავრო პროგრამის გზამკვლევში ვკითხულობთ, რომ თსუ-სა და  სპარსული ენის სწავლების ისტორია ერთდროულად დაიწყო 1918 წელს, „რაც იმას ნიშნავს, რომ მას ამ საქმეში უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, ვიდრე თეირანის უნივერსიტეტს, რომელიც 1934 წ. გაიხსნა.“

 

დღეისთვის ირანისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში, ქართველ პროფესორებთან ერთად, ჩართული არიან მოწვეული პროფესორები ირანიდან. ირანის საელჩოსთან თანამშრომლობით სტუდენტებს სწავლა უფინანსდებათ ირანისტიკის Major სპეციალობაზე. თსუ სტუდენტები სწავლობენ და ეცნობიან ირანში გამოცემულ უახლეს სასწავლო ლიტერატურას.  ამასთანავე, თსუ-ის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში ატვირთულია სპარსული ენის ქრესტომათიები (II-III ტ.), საკითხავი წიგნები და სპარსული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელოები. მიმდინარეობს სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ შეხვდნენ ირანელ მწერლებსა და პოეტებს, მხატვრებს, კალიგრაფებს და დაესწრონ ირანელ ხელოვანთა გამოფენებს, კონცერტებსა და ფილმების ჩვენებას.  და რაც ყველაზე საინტერესოა, ირანისტიკის სპეციალობის სტუდენტები მონაწილეობენ ირანის წამყვანი უნივერსიტეტების საზაფხულო სკოლებსა და გაცვლით პროგრამებში.

 

„ჩემი ცხოვრების უდიდესი თავგადასავალი“, - ასე იხსენებს ანა ლაზვიაშვილი თსუ-ში ირანისტიკის მიმართულებით ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდს, რომელიც 2011 წელს დაიწყო და დღემდე - უკვე დოქტორანტურის საფეხურზე გრძელდება.

 

„იმ სტუდენტებს, რომელთაც აღმოსავლური სამყარო და, უფრო კონკრეტულად, ირანი აინტერესებთ, გულწრფელად შემიძლია ვუთხრა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის მიმართულების პროგრამები მათ ნამდვილად გაუხსნის კარს ამ განსხვავებული და წინააღმდეგობებით აღსავსე ქვეყნისკენ. ეს არაჩვეულებრივი ადგილია საინტერესო და, დღევანდელ ვითარებაში საკმაოდ საჭირო, პროფესიის დასაუფლებლად და ამ სფეროში სამუშაოდ შესაბამისი უნარების შესაძენად. აქ მოხვედრა ერთგვარ ბილეთს გაძლევს ძველ სპარსეთსა და თანამედროვე ირანში სამოგზაუროდ. ამ მოგაზურობისას კი თან სწავლობ, თან სიამოვნებას იღებ და განსხვავებულ, საინტერესო გამოცდილებებსაც აგროვებ. ვინც ამ გზას აირჩევს, ბევრი შრომა და სირთულეების დაძლევა მოუწევს, თუმცა ეს ყველაფერი ამად ნამდვილად ღირს,“- გვიყვება ანა.

 

მისთვის მოგზაურობა აღმოსავლურ სამყაროში ჯერ კიდევ ბავშვობის წლებიდან იწყება, მაშინ, როცა აღმოსავლურ ზღაპრებს კითხულობდა და მოთხრობილ ისტორიებს წარმოიდგენდა. ფიქრები იმ შორეულ სამყაროზე უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ რეალობად იქცა. ამ სამყაროს შემეცნება სპარსული ენის ათვისებით დაიწყო,  შემდგომ იყო ირანში მოგზაურობა და სწავლა, საყვარელი მოთხრობებისა და ზღაპრების კითხვა და მათი თარგმნა მშობლიურ ენაზე.

„ბავშვობაში ძალიან მიყვარდა აღმოსავლური ზღაპრები და სულ ვფიქრობ, რომ მაშინ გაჩნდა ჩემში რაღაც მარცვალი, რამაც შემდეგ ამ არჩევანთან მომიყვანა. სკოლის ბოლო წლებში უკვე ვიცოდი, რომ ერთ-ერთი აღმოსავლური ენის შესწავლა მინდოდა, მაგრამ უშუალოდ ირანისტიკასთან ცხოვრების დაკავშირება უნივერსიტეტში ჩემს ერთ-ერთ ლექტორთან შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტე. ირანისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე 2011 წელს ჩავაბარე და სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი ცხოვრების უდიდესი თავგადასავალი, რომელიც ახლაც გრძელდება. ყოფილა პერიოდები, როდესაც ვფიქრობდი, რომ სხვა პროფესიაში შეიძლება უფრო მარტივად მიმეღწია წარმატებისთვის, მაგრამ დღეს რომ ხელახლა ვაკეთებდე არჩევანს, არაფერს შევცვლიდი და იმავე გზას გავივლიდი,“ - ამბობს ანა.

 

სწავლის პროცესი ანასთვის მარტივი არ ყოფილა, ფიქრობდა „გაქცევაზეც“. ახალ ენასთან და ადამიანებთან შეგუების რთულ პროცესში მოულოდნელად იგრძნო, რომ ზუსტად იქ იყო, სადაც თურმე ყოველთვის უნდოდა ყოფნა.

„ ... და იმას ვაკეთებდი, რისი კეთებაც მთელი დარჩენილი ცხოვრება სიამოვნებას მომანიჭებდა. ირანისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დროს ბევრ საინტერესო ადამიანთან შეხვედრის და მათგან ცოდნის მიღების შესაძლებლობა მომეცა. ეს არ იყო მხოლოდ რუტინული შრომის და უბრალოდ ენის, ლიტერატურისა თუ ისტორიის შესწავლის პერიოდი. ამ ყველაფერთან ერთად, შემეძლო სასიამოვნო გამოცდილებები შემეძინა. უნივერსიტეტში გამართული შეხვედრები თანამედროვე ირანელ არტისტებთან, მათი გამოფენები, აღმოსავლური მუსიკისა და სპარსული პოეზიის საღამოები, სევდიანი კინოჩვენებები - ამ ყველაფერში არაჩვეულებრივ თანაკურსელებთან და ლექტორებთან ერთად მონაწილეობა ნამდვილად ჰგავდა საინტერესო მოგზაურობას,”-იხსენებს ანა.

 

ანასთვის სწავლის პერიოდის განსაკუთრებული მოგონებები გაცვლითი პროგრამებით ირანში მოგზაურობას და სწავლას უკავშირდება. ირანისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის პერიოდში რამდენჯერმე იყო ირანში სპარსული ენისა და ლიტერატურის კურსებზე. ეს კურსები ყოველწლიურად ტარდება ირანის სხვადასხვა ქალაქებსა და უნივერსიტეტებში და მას ესწრებიან სტუდენტები და ლექტორები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. სასწავლო პროგრამის გარდა, გათვალისწინებულია ექსკურსიები ირანის სხვადასხვა ქალაქში და მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოინახულონ ქვეყნის ღირსშესანიშნაობები და გაეცნონ ადგილობრივთა ცხოვრების წესს.

 

„სასწავლო და შემდეგ უკვე სამუშაო ვიზიტებით ირანის ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, მაგრამ განსაკუთრებულად მაინც თეირანი მიყვარს. ეს საოცრად საინტერესო, კონტრასტული და მოულოდნელობებით აღსავსე ქალაქია. ყოველ ნაბიჯზე სიცოცხლე იგრძნობა, ყველგან რაღაც ამბავი ხდება და შენც უნებლიედ ამ ქაოსში ერთვები. გასაოცარი სასახლეები და მუზეუმები, უზარმაზარი მწვანე პარკები, არტ კაფეები და გალერეები, ხმაურიანი ბაზრები, ახალგაზრდების შეკრების ადგილები და ამ აურზაურის მიღმა მყუდრო საჩაიებსა და სასახლეთა ბაღებში ნაპოვნი სიმშვიდე -   ეს ყველაფერი ქმნის თეირანის ხასიათს და სამუდამოდ მონუსხულს გტოვებს,“ - იხსენებს ანა.

 

მიუხედავად თეირანისადმი ასეთი სიყვარულისა, ანას განსაკუთრებული ემოციები გილანის პროვინციასთან არის დაკავშირებული და კიდევ ერთ მოგონებასთან.

  „როდესაც ირანში მოგზაურობებზე ვფიქრობ, პირველად მაინც გილანის პროვინციაში, კასპიის ზღვის ნაპირას გატარებული დრო მახსენდება. აგვისტოს ბოლო დღეები, სანაპიროზე ჩამწკრივებული ფერადი სახლები და ეზოებში გამოფენილი ჭრელი ტანსაცმელი. სანამ ფოტოებს ვიღებდი, ბავშვი და დედა მომიახლოვდნენ, ნიჟარებს აგროვებდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. ცოტა ხანს ვილაპარაკეთ. მერე ისევ გააგრძელეს სანაპიროზე სეირნობა. მერე მათაც გადავუღე ფოტო ზურგიდან.  მათ ნაჩუქარ ნიჟარებს დღესაც ვინახავ გილანშივე ნაყიდ შუშის ბოთლში.  მიყვარს ეს მოგონება და მათი გახსენებისას ხმამაღალი, ლაღი სიცილი ჩამესმის.“

 

ანა თსუ სტუდენტური ლიტერატურული პროექტის „შემოდგომის ლეგენდა“ ფინალისტია. „რომ არა „შემოდგომის ლეგენდა“ და ის არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ამ ლიტერატურულ კონკურსს ქმნიან, ალბათ, არასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემს მოთხრობებს შეიძლება მკითხველი ჰყოლოდა და არც ჩემი ტექსტების კრებული „სახლების მოშინაურება“ იხილავდა დღის სინათლეს.“- იხსენებს ანა, მისთვის წერა  ყოველთვის იყო საკუთარი ემოციების და შეხედულებების გამოხატვის გზა. 

 

„ „შემოდგომის ლეგენდამდე“ ნაკლებად ვფიქრობდი, რომ ჩემს ჩანაწერებს რამე ლიტერატურული ღირებულება შეიძლება ჰქონოდა. ამ კონკურსმა საკუთარი თავი და ჩემი მოთხრობები სხვაგვარად დამანახა და უცებ აღმოვაჩინე, რომ ის რასაც ვწერდი, თურმე სხვა ადამიანებისთვის საინტერესო იყო.“

 

მისი ინტერესები წერასთან და თარგმნასთან ერთად, დაკავშირებულია ფოტოგრაფიასთანაც. ფოტო ობიექტივში, რა თქმა უნდა, ირანიც მოხვდა, ფოტოები კი გამოფენაზე „სად არის  ჩემი მეგობრის სახლი“ ჰქონდა გამოფენილი.

 

„ირანი ფოტოგრაფებისათვის წარმოუდგენლად საინტერესო ადგილია - ადამიანები, ურთიერთობები, ქალაქები, არქიტექტურა, ლანდშაფტი - სულ გინდა, რომ ხელში ფოტოაპარატი გეჭიროს და არც ერთი კადრი არ გამოგრჩეს. რამდენჯერაც უნდა ჩავიდე ირანში, სულ არის ჩემთვის რაღაც აღმაფრთოვანებელი, რისი ფირზე აღბეჭდვა და სხვებისთვის გაზიარება მინდება.“

 

ანას ფოტოგრაფია ყოველთვის აინტერესებდა, თუმცა მასზე, როგორც პროფესიაზე, არასდროს უფიქრია. როგორც ამბობს,  ფოტოგრაფობა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა, მუდმივ მოძრაობას, ახალი ადგილების, ადამიანებისა და გამოცდილებების ძიებას გულისხმობს. მისი აზრით, ფოტოგრაფი თუ  მუდამ ერთ ადგილას გაჩერდება, დროთა განმავლობაში საინტერესოსა და ღირებულს ვეღარაფერს შექმნის.

 

„მოგზაურობა მიყვარს, მაგრამ ჩემთვის სახლს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნებას მიქმნის და ვერასდროს ვიქნებოდი ისეთ პროფესიაში, რომელიც ჩემგან ხშირად სახლიდან შორს ყოფნას მოითხოვდა. ამიტომ ფოტოგრაფია მხოლოდ გატაცებად დარჩა. მაინტერესებს, ადგილები და ადამიანები. საინტერესო მომენტების, ან სულაც არაფრით გამორჩეული ადგილების ფირზე აღბეჭდვა ჩემში რაღაცნაირ უხმო აღრფთოვანებას იწვევს, მსიამოვნებს იმის შეგრძნება, რომ ეს დრო, ეს ადგილი მხოლოდ ჩემს მეხსიერებაში არ დარჩება და შემეძლება, სხვასაც გავუზიარო.“

 

ის, რასაც სახლში მშვიდად აკეთებს არის -  თარგმნა. ეს პროცესი მისთვის საკმაოდ რთული და შრომატევადია. ამბობს,რომ ჯერ მხოლოდ ძალების მოსინჯვის ეტაპზეა. ამ დროის განმავლობაში კი  უკვე თარგმნა თანამედროვე ირანელი მწერალი ქალის - ფარიბა ვაფის რამდენიმე ნოველა,რომლებიც გამოცემა „არმაღანში“ დაიბეჭდა.

„მიყვარს თანამედროვე სპარსული ლიტერატურა, განსაკუთრებით  ირანელი ქალი მწერლების ხმები, მათი აბზაცებს შორის ამოსაკითხი სათქმელი და სიტყვებს ამოფარებული ემოციები.  ფარიბა ვაფი გამორჩეული მწერალია, მისი რომანები და ნოველები სოციალური თემატიკით არის დატვირთული,  მნიშვნელოვან საკითხებზე სვამს აქცენტებს და სიუჟეტის ფონზე საინტერესოდ გამოკვეთს პერსონაჟთა ხასიათს. პირველად მისი მოკლე რომანი „ჩემი ფრინველი“ წავიკითხე, ასე გავიცანი ფარიბა ვაფი და, ალბათ, ამიტომაც მის ტექსტებს შორის ეს რომანი ყველაზე მეტად მიყვარს.“

 

ანა ამჟამად დისერტაციაზე მუშაობს, მისი სადოქტორო ნაშრომი ასევე - ფარიბა ვაფისა და მის შემოქმედებაში დასმულ მთავარ პრობლემურ საკითხებს ეხება. სამომავლო გეგმებიც თარგმნას უკავშირდება, უნდა რომ  მხატვრული ლიტერატურის და კონკრეტულად, ქალი მწერლების ტექსტების თარგმნას მეტი დრო და ძალისხმევა მოახმაროს.

იხილეთ ირანისტიკის საბაკალვრო პროგრამის გზამკვლევის ბმული: https://bit.ly/3qmg8Mm

თარიღი: 08/03/2021